ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
კარლ ჰარცელის თქმით, შემაშფოთებელი იყო ოფისის წინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა. ელჩის განცხადებით, ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა.
ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას ელჩი "სამწუხაროს" უწოდებს.
„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან", - ამბობს ის.
კარლ ჰარცელი მოუწოდებს წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარი ძალადობის სწრაფი და სიღრმისეული გამოძიებისკენ.
ევროკავშირის ელჩი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს, რათა ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მიეცეთ მიეცეთ პოზიციის თავისუფლად დაფიქსირების საშუალება.
„ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება. არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა", - აცხადებს კარლ ჰარცელი.
ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კობახიძე ოფისის წინ ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს, რა დროსაც მასთან მელია მივიდა და შემდეგი კითხვით მიმართა:
"შენ მართლა გჯერა, რომ დმანისში ჩვენ დავჭერით საკუთარი აქტივისტი".
როცა მელია კობახიძესთან კითხვით მივიდა და პასუხის გაცემა მოსთხოვა, კობახიძემ ის პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მელიამ POSTV-ის მიკროფონი აიღო და კობახიძეს მიმართა "გესროლო?".
პოლიტიკოსების გაშველებას ადგილზე მყოფი ხალხი ცდილობდა. კობახიძეს ტერიტორია დაცვამ დაატოვებინა.
მანქანაში ჩაჯდომისას კობახიძემ მელიას "პროვოკატორი, ხულიგანი და უინტელექტო" უწოდა.
მოგვიანებით ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეს დედის გინება გამოსტყუა".